თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, სხვა უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თსუ რექტორმა აღნიშნა ის წვლილი, რომელიც მთელი თავისი არსებობის პერიოდში შეიტანა გორის უნივერსიტეტმა რეგიონსა და მთლიანად ქვეყანაში ქართული საქმის კეთების, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა გორის უნივერტსიტეტთან. ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა დღესაც გრძელდება,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
გორში საგანმანათლებლო კერა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ფუნქციონირებდა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნისა და მოსახლეობის განვითარების საქმეში. სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა 1935 წელს გორში გახსნილი ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.